კოლუმბის დღე – როგორ შეიძლება გეოგრაფიულ აღმოჩენათა ისტორიის ხელახლა გააზრება

ქრისტოფორე კოლუმბი “დას. ინდიოეთის” ნაპირზე.

დღეს სკოლის მოსწავლეებისთვის კოლუმბის შესახებ სიმართლის სწავლებას სულ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება

ქრისტეფორე კოლუმბის სახელობის ეროვნული დღესასწაული, რომელიც ოქტომბრის მეორე ორშაბათს აღინიშნება, XX საუკუნის დასასრულს ამერიკელთა ნაწილისთვის წინააღმდეგობრივ და კონფლიქტურ თარიღად იქცა. ისინი ხმამაღლა კითხულობენ: „რატომ აღვნიშნავთ მხოლოდ კოლუმბის დღეს ეროვნული მასშტაბით?“ რატომ დაიბადა ეს კითხვა? ალბათ იმიტომ, რომ ამბავი „მამაცი“ იტალიელი კაპიტნისა, რომელმაც ამერიკა აღმოაჩინა და დედამიწის სიმრგვალე „დაამტკიცა“, დღეს უკვე აღარ აღიქმება ძველებურად და მითს უფრო ჰგავს, ვიდრე 500 წლის წინანდელ ისტორიულ ფაქტს.

აშშ-ში მოქმედი ზოგიერთი ჯგუფი, მაგალითად, „ამერიკელ ინდიელთა მოძრაობა“ (ინგლ. American Indian Movement), აცხადებს, რომ კოლუმბის შესახებ პოზიტიური მითებითა და მისი სახელობის დღესასწაულებით შენიღბულია მკვიდრი ამერიკელების წინააღმდეგ მიმდინარე გენოციდი.

მკვიდრ ამერიკელთა ეს განცხადება გულისხმობს, რომ კოლუმბის მემკვიდრეობა და მისი მითოლოგიზაცია აშშ-ის მთავრობისა და მოქალაქეების ქმედებათა ლეგიტიმაციას ემსახურება, რომ ისტორიას ბოროტად იყენებენ ამ მიზნით. ბრიტანელ-კანადელი ფილოსოფოსისა და ფიზიკოსის, კალიფორნიის ინტეგრალური კვლევების ინსტიტუტისა და შუმახერის კოლეჯის პროფესორის, ინდიელთა უფლებების დამცველის ფ. დევიდ პიტის თქმით, ჩრდილოეთი ამერიკის მრავალი კულტურული მითი უარყოფს ან ამცრობს მკვიდრ ამერიკელთა კულტურისა და მითების მნიშვნელობას. „ჩრდილოამერიკული კულტურული მითები“ გულისხმობს მაიკლ ბერლინერისა და რენდის ინსტიტუტის (აინ რენდის ინსტიტუტი – კალიფორნიაში მდებარე აშშ–ის ერთ–ერთი  წამყვანი  ინტელექტუალური  კვლევითი ცენტრი) მიდგომებს, რომლებიც ამტკიცებს, რომ „დასავლურმა ცივილიზაციამ“ ამერიკის მკვიდრ მოსახლეობას მისცა მეცნიერება, ინდივიდუალური დამოუკიდებლობა, თვითკმარობა, ამბიცია და პროდუქტიულობა, მაშინ როდესაც ევროპელთა გამოჩენამდე მათი ცხოვრება  „პრიმიტივიზმის, მისტიციზმისა და კოლექტივიზმის პრინციპებს“ ეფუძნებოდა, ხოლო მიწა, რომელზეც ისინი ცხოვრობდნენ, „მეჩხერად დასახლებული, გამოუყენებელი და განუვითარებელი“ იყო.

ცნობილი ამერიკელი ანთროპოლოგი და მწერალი, „ნიუ-იორკ თაიმზის“ ბესტსელერების სიის ავტორი ჯეკ უეზერფორდი, ამბობს, რომ კოლუმბის დღე, ფაქტობრივად, ინდიელების გენოციდის აღნიშვნის დღეა. კოლორადოს ამერიკელ ინდიელთა მოძრაობის ლიდერი და აქტივისტი უორდ ჩერჩილი კიდევ უფრო შორს მიდის და აცხადებს, რომ ამერიკაში ევროპულ დასახლებათა იუბილეს აღნიშვნითა და კოლუმბის დღის მეშვეობით კოლონიზაციის მითოლოგიზებით თეთრკანიანი ამერიკელები თავიდან იცილებენ პასუხისმგებლობას, რომელიც მათ ან მათ მიერ არჩეულმა მთავრობებმა უნდა იკისრონ თავიანთ ქმედებებზე მკვიდრი მოსახლეობის მიმართ. თავის წიგნში „დააბრუნეთ კანონი თავის ადგილზე“ („Bringing The Law Back Home“) უორდ ჩერჩილი აღნიშნავს, რომ სანამ კოლუმბის დღე ასე საზეიმოდ აღინიშნება როგორც ამერიკელთა ეროვნული დღესასწაული, შეუძლებელია გაუმჯობესდეს ამერიკელ ინდიელთა მდგომარეობა და მათდამი დამოკიდებულება ამერიკის ძირითადი, „მეინსტრიმული“ მოსახლეობის მხრივ.

კოლუმბის დღე აშშ-ში საერთოეროვნულ (ფედერალურ) დღესასწაულად 1937 წელს გამოცხადდა, თუმცა ამერიკელები ამ დღეს კოლონიურ ეპოქაშივე აღნიშნავდნენ. ერთ დროს ყველასთვის (უფრო სწორად, უმრავლესობისთვის) მისაღები ისტორიული თარიღი დღეს დაპირისპირების მიზეზად იქცა.

მკვიდრ ამერიკელებს, აშშ-ისა და ლათინური ამერიკის ევროპული წარმოშობის მოქალაქეთა ნაწილს, გეოგრაფებს, ისტორიკოსებს, პროფესორებსა და მასწავლებლებს მიაჩნიათ, რომ ქრისტეფორე კოლუმბისა და, საზოგადოდ, ამერიკის კოლონიზაციის ისტორიის ევროპული ვერსია არაზუსტია, უამრავ პოლიტიკურ თუ იდეოლოგიურ ხარვეზს შეიცავს და მეტიც -შესაძლოა მომავალში ამერიკის ქვეყნებში სერიოზული კონფლიქტების მიზეზადაც იქცეს.

ტრადიციისამებრ, ამერიკის ორივე კონტინენტზე, ესპანეთსა და იტალიაში ყოველი წლის შემოდგომაზე აღინიშნება კოლუმბის დღე ქრისტეფორე კოლუმბის ანუ, ფაქტობრივად, ევროპელთა მიერ 1492 წლის 12 ოქტომბერს ამერიკის აღმოჩენის აღსანიშნავად. ამ თარიღს ზეიმობენ სამხრეთი და ცენტრალური ამერიკის ესპანურენოვან ქვეყნებშიც. აქ მას დია დელა რასას (რასის/ერის დღეს) უწოდებენ, ესპანეთში კი დია დელა ისპანიდადს (ესპანელობის დღეს). ეს დღე ეროვნულ დღესასწაულად მიაჩნიათ იტალიაშიც (კოლუმბი წარმოშობით გენუელი იყო) და მას ფიესტა ნაციონალე დი კოლომბოს ეძახიან. როგორც ხედავთ, დიდი იტალიელი ზღვაოსნის მიერ ესპანური გვირგვინისთვის გაკეთებულ „აღმოჩენას“ თითქმის ნახევარ დედამიწაზე აღნიშნავენ და მსოფლიოს გეოგრაფიისა და ისტორიის ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს ყოველწლიურად ასეულობით მილიონი ადამიანი ზეიმობს. ამერიკის ქვეყნების სკოლებში მოსწავლეთა თაობები იზეპირებდნენ ინგლისურ თუ ესპანურ ლექსებს კაპიტან კოლუმბის სიმამაცესა და გამჭრიახობაზე, თუმცა დღეს ეს ისტორიული თარიღი, განსაკუთრებით კი მითები „უშიშარ“ იტალიელ მეზღვაურზე უკვე აღარ აღიქმება ისე ერთმნიშვნელოვნად, როგორც XX საუკუნის 60-იან წლებამდე.

მიუხედავად კოლუმბის ჰეროიკული მითის საყოველთაოობისა, დღეს ორივე ამერიკაში უკვე ბევრს მიაჩნია, რომ მოსწავლეებისთვის ამ წინააღმდეგობრივი ისტორიული პირის შესახებ სიმართლის თქმა  ძალიან მნიშვნელოვანია.

ქრიტეფორე კოლუმბის შესახებ შეთხზულ ლექსზე, რომელიც მის სახელგანთქმულ მოგზაურობაზე მოგვითხრობს, აშშ-ში სკოლის მოსწავლეთა მრავალი თაობა გაიზარდა:

„ათას ოთხას ოთხმოცდათორმეტში

კოლუმბმა გადალახა ლურჯი ოკეანე

თავისი სამი გემით.

ის ესპანეთიდან გაემგზავრა,

გამოსცადა მწველი მზე, ქარი და წვიმა…“

შემდეგ ლექსი კოლუმბის მოგზაურობის დეტალებს აღწერს: როგორ დაინახა მიწა, რომელიც ინდოეთი ეგონა, სინამდვილეში კი დღევანდელი ბაჰამის კუნძულები აღმოჩნდა; როგორ შეხვდა ადგილობრივ ხალხს – არავაკებს, რომლებსაც შემდგომ „ინდიელები“ ეწოდათ და ეს სახელი ყველა მკვიდრ ამერიკელზე გავრცელდა; დაბოლოს – კოლუმბის შემდგომ მოგზაურობებს ახალაღმოჩენილ სამყაროში, რომლებიც ოქროს მაძიებელთა ქრონიკასავითაა წარმოდგენილი. უკანასკნელ ათწლეულში ეს ყველაფერი მწვავე დებატების თემად იქცა.

ისტორია, რომელიც განისაზღვრება როგორც ამ მოვლენებთან ან პირებთან დაკავშირებულ წარსულის მოვლენათა სისტემური ნარატივი, დღეს საკლასო ოთახებში დაპირისპირების სინონიმი გახდა. მაგალითად, გასულ ზაფხულს კოლორადოში, ჯეფერსონის საგრაფოში, სასკოლო საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, ხელახლა დაწერილიყო აშშ-ის ისტორიის სასწავლო პროგრამა, რათა კურიკულუმიდან ამოეღოთ „სამოქალაქო არეულობის, სოციალური დაპირისპირებისა და კანონის უგულებელყოფის ნებისმიერი ფაქტი“. შედეგად ასეულობით მოსწავლე პროტესტის ნიშნად ქუჩებში გამოვიდა და ცენზურის აკრძალვა მოითხოვა. ასეთივე დაპირისპირება გაჩაღდა მაშინაც, როდესაც კოლეჯის საბჭომ „აშშ-ის ისტორიის ახალი სტანდარტების“ შესახებ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. ქვეყნის ისტორიისა და სასწავლო პროგრამის ასეთმა „გადახედვამ“ დაუყოვნებლივ გამოიწვია დაპირისპირება ახალი „პოლიტიკის შემოქმედთა“ და მოსწავლეთა შორის.

თუმცა ისიც სათქმელია, რომ, თუმცაღა ქვეყნის ისტორიის კურსის სწავლება ესოდენ არაერთმნიშვნელოვან შეფასებებსა და კონფლიქტებს იწვევს, ამერიკის ისტორიაში ძნელად მოიძებნება პიროვნება, რომლის მიმართაც დამოკიდებულება ისე რადიკალურად განსხვავებული იყოს, როგორც ქრისტეფორე კოლუმბის მიმართ.

დღეს, „ლურჯი ოკეანის“ გადალახვიდან 600 წელზე მეტი ხნის შემდეგ, კოლუმბს ერთნი აქებენ, მეორენი კი აძაგებენ.

1992 წელს კალიფორნიაში რამდენიმე ქალაქმა კოლუმბის დღეს სახელი შეუცვალა და მკვიდრი მოსახლეობის დღე უწოდა ანუ ფოკუსი დამყრობლისგან დაპყრობილებისკენ გადაიტანა.

შარშან, აგვისტოში, კოლუმბის დღის აღნიშვნა შეწყვიტა აშშ-ის კიდევ რვა ქალაქმა და დღესასწაულს, წინამორბედთა მსგავსად, მკვიდრი მოსახლეობის დღე დაარქვა.

2014 იგივე გააკეთეს დიდმა ქალაქებმაც – მინეაპოლისმა (მინესოტა) და სიეტლმა (ვაშინგტონი).

„სიეტლ თაიმზთან“ ინტერვიუში ტულალიპის ტომის წევრმა რენე რომა ნოუზმა განაცხადა: „ჩვენ მოვითხოვთ ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთგაგებას. იმედი გვაქვს, ეს დღესასწაული, მკვიდრი მოსახლეობის დღე, სწორედ ამას მოიტანს ჩვენს ქვეყანაში. ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის ლიდერები ითხოვენ, კოლუმბი-ადამიანი კოლუმბი-მითისგან გაიმიჯნოს“. „მისი (კოლუმბის) ხელმძღვანელობით განხორციელდა უამრავი საზარელი ქმედება ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ“, – ამბობს ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის სათემო განვითარების ინსტიტუტის პრეზიდენტი ჯეი ბედ ჰართ ბულიც.

არ გეგონოთ, დღესასწაულისთვის სახელის შეცვლა უმტკივნეულოდ მიმდინარეობდეს – ამერიკის იტალიური წარმოშობის სამოქალაქო და ბიზნესწრეების ლიდერები სიეტლში აქტიურ წინააღმდეგობას უწევდნენ კოლუმბის დღის გაუქმებას. ამ წინააღმდეგობის დიპლომატიურ მხარდაჭერად შეიძლება ჩაითვალოს აშშ-ში იტალიის სრულუფლებიანი ელჩის კრიტიკული წერილიც სიეტლის მერისადმი.

კოლუმბის საკითხი კიდევ უფრო რთული ჩანს, როდესაც საქმე მასწავლებლებსა და სკოლებს ეხება – ისინი ხომ უმეტესად სასკოლო სახელმძღვანელოებს, გაკვეთილების გეგმებსა და სასწავლო მასალებს ეყრდნობიან, რომლებიც ანგლოამერიკული და, საზოგადოდ, მონოკულტურული თვალსაზრისებითაა გაჯერებული.

ისტორიის პროფესორი ჯეიმს ვ. ლოევენი თავის წიგნში „ტყუილები, რომლებიც მასწავლებელმა მიამბო“ მიმოიხილავს გავრცელებულ უზუსტობებსა და არასწორ ინტერპრეტაციებს და მოგვითხრობს ამერიკის ნამდვილ ისტორიას – მადლიერების დღიდან მოყოლებული, იმ მითებამდე, რომლებიც კოლუმბის სახელის გარშემო ჩამოყალიბდა ამერიკასა და მსოფლიოში. შედეგად ვიღებთ „ისტორიის გათეთრებულ, დავარცხნილ ვერსიას“, როგორც აღნიშნავს „ჰაფინგტონ პოსტში“ ოსტინის ტეხასის უნივერსიტეტის მკვიდრი მოსახლეობის ცენტრის დირექტორი შენონ სპიდი: „სიმართლის უგულებელყოფა, ფაქტობრივად, სიცრუეა. ვფიქრობ, სკოლაში ისტორიის სწავლების მიზანი უნდა იყოს კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანების აღზრდა, რომლებსაც შეეძლებათ, სასარგებლო წვლილი შეიტანონ დემოკრატიული საზოგადოების შექმნაში“.

რობერტ საუტერი, სანფრანცისკოელი საბავშვო ბაღის მასწავლებელი, „ტოლერანტული სწავლებისთვის“ Southern Poverty Law Center-ის პრიზის მფლობელი, ეთანხმება შენონ სპიდის აზრს და კულტურულად პასუხისმგებელი სწავლების მომხრეა. ის ამბობს, რომ ბავშვებს „მხოლოდ სიმართლე უნდა ვუთხრათ ყველაფერზე“, მათ შორის – კოლუმბის დღეზეც, რა თქმა უნდა, იმ ფორმით, რომელიც ხუთი წლის ბავშვებისთვის იქნება გასაგები.

საკუთარ თავზე საუტერი ამბობს, რომ ანტირასისტი, თვითრეფლექსიის უნარის მქონე თეთრკანიანი მასწავლებელია, რომელიც ცდილობს, დაეხმაროს ახალგაზრდებს და დაარწმუნოს ისინი, რომ „უსამართლობა ხდებოდა, ახლაც ხდება და მომავალშიც მოხდება, მაგრამ ის, ვინც უსამართლობის მსხვერპლია, აღარ არის უწინდებურად უღონო და უსუსური“.

იმ ბავშვების ორი მესამედი, რომლებსაც საუტერი ლეონარდ რ. ფლინის დაწყებით სკოლაში ასწავლის, ლათინურ-ამერიკული წარმოშობისაა. მასწავლებლის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, გავუადვილოთ ბავშვებს საკითხის უფრო ფართოდ აღქმა, რადგან ისინი იზრდებიან და ამ პერიოდში ეჯახებიან არასწორ ან დამახინჯებულ ინფორმაციას კოლუმბზე, მიშნ-დისთრიქთზე  (Mission District) ან აშშ-ში ლათინოსების იმიგრაციაზე.

სან-ფრანცისკოდან ათასობით მილზე, ვისკონსინის შტატში, ჯეფ რაიანი, სკოლის ისტორიის მასწავლებელი, ამბობს, რომ კოლუმბის შესახებ მისი გაკვეთილები მოსწავლეებში გაკვირვებასთან ერთად ინტერესსაც წარმოშობს, რომელიც მათ ამ ლეგენდარული ფიგურის კვლევისკენ, მისი „ნამდვილი“ ისტორიის შესწავლისკენ უბიძგებს.

რაიანის თქმით, მისი მიზანი კოლუმბის წინააღმდეგ სტუდენტური მოძრაობის წამოწყება კი არა, არამედ მოსწავლეებისთვის კოლუმბის შესახებ მკვიდრი მოსახლეობის აზრისა და დამოკიდებულების გაცნობაა. პრესკოტის ჰაი სქული, სადაც რაიანი ასწავლის, მინეაპოლის-სენტ-პოლის მახლობლად, უმთავრესად თეთრკანიანი მოსახლეობით დასახლებულ უბანში მდებარეობს. რაიანი თავის კლასში მკვიდრ ამერიკელებს იწვევს, რომლებიც ანგლოამერიკელებს კოლუმბის მიმართ თავიანთ დამოკიდებულებას აცნობენ. ამ შეხვედრებზე მოსწავლეები ახალ ინფორმაციას იღებენ, რაც მათ საკუთარი თვალსაზრისის ჩამოყალიბებაში ეხმარება: „კოლუმბის ისტორია მკვიდრი მოსახლეობის თვალთახედვით ისეთია, რომ ჩვენთვის მისი გადახარშვა საკმაოდ ძნელია, მაგრამ ისტორიამ შემოინახა ფაქტები და მტკიცებულებები, რომლებიც კოლუმბს ძალზე უარყოფითად აღწერს. მათი გააზრების შემდეგ ძნელია კვლავ იზეიმო კოლუმბის დღე. მნიშვნელოვნად მიმაჩნია, მოსწავლეები იცნობდნენ მკვიდრი მოსახლეობის დამოკიდებულებას კოლუმბის მიმართ“.

რაიანის სწავლების ფილოსოფიას ზურგს უმაგრებს ვისკონსინის შტატის კანონმდებლობაც – 1989 წელს მიღებული ერთ-ერთი კანონი სკოლებს მკვიდრი მოსახლეობის ისტორიის, კულტურის, ვისკონსინისა და სხვა აბორიგენი ტომების სუვერენულობის სწავლებას ავალებს.

„შტატის ზოგიერთ სკოლაში, – ამბობს რაიანი, – საკმარისია, ბავშვებს აჩვენო „ცეკვა მგლებთან“, – 1990 წელს გადაღებული წინააღმდეგობრივი ფილმი აშშ-ის მაშინდელ დასავლეთ საზღვარზე თეთრი ამერიკელისა და მკვიდრი მოსახლეობის თანაცხოვრების შესახებ, – რომ ამ კანონის მოთხოვნას შესრულებულად ჩაგითვლიან. მაგრამ პრესკოტის სკოლა 31-ე აქტის აქტიურ გამტარებლად ითვლება, ამიტომ პირველი ერების ისტორია და ამერიკელი ინდიელების კულტურა სასკოლო პროგრამებშია ინტეგრირებული ბილოგიის, ინგლისური ენის, სამოქალაქო საკითხებისა და მუსიკის სასწავლო გეგმათა მეშვეობით“.

„არ მესმის, რატომ აშინებს ზოგს კოლუმბის სხვაგვარად წარმოდგენა, – ამბობს რაიანი, – თუ არსებობს დამაჯერებელი, რაციონალური და სანდო მტკიცებულებები მასზე განსხვავებული წარმოდგენისთვის, ეს უბრალოდ სხვაგვარად წარმოდგენილი ამბავია და სხვა არაფერი“.

საკითხის მნიშვნელობა რაიანმა ხელახლა გაიაზრა ორი წლის წინ, როდესაც მისი შვიდი წლის გოგონა სკოლიდან დაბრუნდა და მამას უთხრა, რომ იმ დღეს კოლუმბზე ისაუბრეს. რაიანმა შვილს გაკვეთილის შინაარსი გამოჰკითხა. ბავშვის პასუხი ზუსტად ასახავდა ამერიკის სკოლებში გავრცელებულ სწავლებას კოლუმბის შესახებ: რომ კოლუმბი „ძალიან კარგი“ და „ძალიან მამაცი“ მეზღვაური იყო. „უცბად ბავშვი გაჩერდა, თავი დახარა და მითხრა: „ის სასტიკად ექცეოდა ინდიელებს… არ ვიცი, რატომ“. „ამის გამგონეს, მინდოდა, მეხტუნა და მეყვირა“, – ამბობს რაიანი. მისი სიხარულის მიზეზი ის იყო, რომ მისმა გოგონამ ბავშვური ენით სწორედ ის თქვა, რის თქმასაც თავად წლების განმავლობაში ცდილობდა – ისტორიის ინტერპრეტაცია რთული საქმეა. მერე კი რაიანმა გოგონას ბოლო კითხვა დაუსვა – კითხვა, რომელიც, რამდენიმე ათწლეულია, ცხარე კამათის საგანია მთელ ქვეყანაში: „როგორ ფიქრობ, უნდა ვზეიმობდეთ კოლუმბის დღეს?“

პირველკლასელმა მამას უპასუხა: „დიახ, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვათ – კოლუმბი ყველას არ უყვარს“.

Facebook Comments