Pfizer-ის მიერ შექმნილი ვაქცინა, COVID-19-ის წინააღმდეგ 95%-ით ეფექტურია

ამერიკული ფარმაცევტული კორპორაცია Pfizer-ი იუწყება, რომ მის მიერ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შექმნილი ვაქცინა 95 პროცენტით ეფექტიანია და არ აქვს სერიოზული გვერდითი ეფექტები. ამის თქმის საფუძველს კომპანიას კლინიკური ცდების დასკვნითი ფაზის სრული შედეგები აძლევს.

Pfizer-ის განცხადებით, როგორც მონაცემები აჩვენებს, ვაქცინა COVID-19-ის მსუბუქი და მძიმე შემთხვევების პრევენციას ახდენს. ხანდაზმულებში, რომლებიც COVID-19-ის გართულებებისადმი ყველაზე მოწყვლადნი არიან და რომლებიც ზოგიერთი ტიპის ვაქცინაზე ძლიერ არ რეაგირებენ, Pfizer-ის ვაქცინა 94 პროცენტით ეფექტიანი აღმოჩნდა.

Pfizer-ი, რომელმაც ვაქცინა გერმანულ ბიოტექნოლოგიურ კომპანია BioNTech-თან ერთად შექმნა, აცხადებს, რომ ვაქცინაზე გადაუდებელი ნებართვის მოთხოვნით, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას უახლოეს დღეებში მიმართავს. ეს კი აჩენს იმედს, რომ სულ მალე, ვაქცინა რეალობა გახდება.

ვაქცინაზე მუშაობა მკვლევრებმა წელიწადზე ნაკლებ დროში დაასრულეს და როგორც ცდების შედეგები აჩვენებს, მოხსნილია ვაქცინის შექმნის სისწრაფის ყველანაირი რეკორდი, რადგან როგორც წესი, ამ პროცესს წლები სჭირდება.

„კვლევის შედეგები მნიშვნელოვან ნაბიჯს აღნიშნავს ამ ისტორიულ, რვათვიან მოგზაურობაში ვაქცინისკენ, რომელმაც ეს გამანადგურებელი პანდემია უნდა დაასრულოს“, — ამბობს Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორი, დოქტორი ალბერ ბურლა.

Pfizer-ში აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია (FDA) ორდოზიანი ვაქცინის ლიცენზიას გასცემს, წლის ბოლომდე ხელმისაწვდომი იქნება 50 მილიონი დოზა, მომავალ წელს კი 1,3 მილიარდამდე დოზას დაამზადებს.

აქედან 12,5 მილიონი ადამიანისთვის საკმარისი დოზა უკვე შეკვეთილი აქვს აშშ-ს. ფედერალურ მთავრობას Pfizer-თან გაფორმებული აქვს 1,95-მილიარდ დოლარიანი კონტრაქტი ვაქცინის 100 მილიონ დოზაზე, რომელსაც ამერიკელები უფასოდ მიიღებენ.

საბოლოო შედეგები ემთხვევა Pfizer-ისა და BioNTech-ის მიერ წინა კვირაში გამოქვეყნებული ადრეული ანალიზის შედეგებს, რომლებიც ვაქცინის 90 პროცენტზე მეტით ეფექტიანობაზე მიუთითებდა. ორი დღის წინ, კიდევ ერთმა ფარმაცევტულმა კომპანია Moderna-მ ადრეულ ანალიზებზე დაყრდნობით გვამცნო, რომ მისმა ვაქცინამ 94,5-პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა.

Pfizer-ისა და BioNTech-ის კლინიკურ ცდაში დაახლოებით 44 000 მოხალისე მონაწილეობდა, რომელთაგან ნახევარს ვაქცინა გაუკეთეს, ნახევარს კი პლაცებო — მარილწყლის ინექცია. ამის შემდეგ, მკვლევრები უცდიდნენ, თითოეულ ამ ჯგუფში რამდენს განუვითარდებოდა COVID-19.

როგორც კომპანიები აცხადებენ, COVID-19-ის 170 შემთხვევიდან, 162 ინფიცირებული პლაცებოს ჯგუფში იყო და მხოლოდ რვა ვაქცინის ჯგუფში. COVID-19-ის ათი მძიმე შემთხვევიდან, ცხრას პლაცებო ჰქონდა გაკეთებული.

Facebook Comments