მადლიერების დღე

მადლიერების დღეს, როგორც ამბობენ, ამერიკის ჩამოყალიბების დღიდან აღნიშნავენ. ეს არის გახსენება იმისა, თუ როგორ გადაარჩინეს ამერიკელმა ინდიელებმა შიმშილით სიკვდილს კოლონისტები პლიმუზში. ამ ამბავს იხსენებენ ყოველ წელს, ყველა ოჯახში, ეკლესიაში, ორგაზიაციაში, სკოლაში, საბავშვო ბაღში…

მადლიერების დღე ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი და პოპულარული დღესასწაულია ამერიკის ჩრდილოეთ კონტინეტზე. ეს დღე „მოძრავია“ და ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს ემთხვევა. ვერ ვიტყვით რომ მადლიერების დღე რელიგიური ნიშნით აღინიშნება, რადგან ის საერო დღესასწაულია და ამ დღეს ამერიკაში ერთნაირად ზეიმობენ როგორც ქრისტიანები, ისე მუსლიმები, იუდეველები და სხვა კონფესიის წარმომადგენელები. თუმცა, ბევრი ამ მიზეზს იყენებს ეკლესიაში წასასვლელად, რომ მადლიერება გამოხატოს ღმერთის მიმართ.

პირველად ეს დღე დაახლოებით 1621 წელს აღინიშნა. მადლიერების დღე ეროვნულ დღესასწაულად ჯორჯ ვაშინგტონმა ოფიციალურად დააკანონა 1789 წელს.

მადლიერების დღეს ერთ სუფრასთან იკრიბებიან სხვადასხვა შტატებში გაბნეული ოჯახის წევრები, ხშირად დედმამიშვილები მშობლების სახლში აღნიშნავენ ამ დღესასწაულს სუფრასთან, რომელზეც აუცილებლად უნდა იყოს ინდაურის ხორცი. მაგიდის გარშემო შეკრებილები სადღესასწაულო სადილს მადლიერების წარმოთქმით (ლოცვით) იწყებენ, ამ დროს ჩამოთვლიან ხოლმე მიზეზებს თუ რატომ არიან ღვთის, მშობლების, ოჯახის წევრების მადლიერნი. ამ დროს ამერიკელები როგორც წესი იხსენებენ და მადლობას ეუბნებიან ისეთ ადამიანებს, რომლებსაც მათ წინაშე გარკვეული ღვაწლი და დამსახურება მიუძღვით. ასე რომ ამ დღეს საჩუქრების გაცემა და ამ და სხვა გზით მადლიერების გამოხატვა ჩვეულებრივი ამბავია. მადლიერების დღეს უმწეოთათვის ფულის ჩუქება და დახმარების ხელის გაწვდომა კარგ ჟესტად ითვლება და ამას ბევრი აკეთებს.

ახლა ინდაურის შეწყალების ტრადიციის შესახებ – ინდაურისთვის ამერიკის პრეზიდენტის მიერ სიცოცხლის „ჩუქნის“ ტრადიცია არც თუ ისე დიდი ხნისაა და ის პრეზიდენტ ბუშის დროს დამკვიდრდა, თუმცა ამ ტრადიციას სათავე 1947 წლიდან დაედო, როდესაც ინდაურების ეროვნულმა ფედერაციამ მაშინდელ პრეზიდენტ ჰარი თრუმანს ერთი ცოცხალი, ორი კი კერძის სახით მომზადებული ინდაური აჩუქა. ამჟამად ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი ყოველ წელს ჩუქნის ორ ინდაურს სიცოცხლეს, რომლებსაც მას ინდაურების ერონული ფედერაცია ჩუქნის, შემდეგ ინდაურები ზოოპარკში მიყავთ, სადაც მას ბავშვები ელოდებიან სანახავად.

მადლიერების დღეს: სკოლები, სასწავლებლები, ბიზნესები ამ დღეს ისვენებენ, ხშირად ტრანსპორტიც კი არ მოძრაობს. მადლიერების დღის მომდევნო დღეს გამოცოცხლება შეიმჩნევა მაღაზიებში, სადაც ამ დღიდან წლის ყველაზე დიდი ფასდაკლებების სეზონი იწყება.

ბედნიერ მადლიერების დღეს გისურვებთ!

Facebook Comments