შტატებში COVID-19-ზე ვაქცინაციის პირველი ეტაპი იწყება

დღეს შეერთებული შტატების მასშტაბით Pfizer/BioNTech-ის მიერ COVID-19-ის საწინააღმდეგოდ შექმნილი ვაქცინით მოსახლეობის ვაქცინაციის პირველი ეტაპი იწყება.

ვაქცინის განაწილების ხელმძღვანელის, გენერალ გუსტავ პერნას განცხადებით, ვაქცინის პირველი სამი მილიონი დოზა უკვე ყველა შტატშია გაგზავნილი. ვაქცინა COVID-19-ის წინააღმდეგ 95%-ით ეფექტიანია და მისი უსაფრთხოება ქვეყნის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამაც (FDA) აღიარა.

12 დეკემბერს, 24 საათში კორონავირუსით აშშ-ში 3309 ადამიანი დაიღუპა, რაც ჯონს-ჰოპკინსის უნივერსიტეტის ვებგვერდის მონაცემებით უდიდესი დღიური მაჩვენებელია მსოფლიოში.

ამერიკული ფარმაცევტული კორპორაცია Pfizer-ისა და გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინის ავტორიზაცია ქვეყნის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ 11 დეკემბერს მოახდინა, რაც გარდამტეხი მომენტი უნდა გახდეს პანდემიაში.

გენერალ პერნას განცხადებით, ამერიკის მთავრობის მიერ წამოწყებული ვაქცინაციის კამპანია ოპერაცია Warp Speed-ის ფარგლებში, ვაქცინები სადისტრიბუციო პუნქტებში უკვე გაგზავნილია და ეს პროცესი უახლოეს დღეებშიც გაგრძელდება. მისივე თქმით, პირველ ეტაპზე დაახლოებით სამი მილიონი დოზა დაიგზავნება.

როგორც პერნამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ასი პროცენტით დარწმუნებულია, რომ „მტერი კოვიდის დასამარცხებლად“ საჭირო ვაქცინების ტრანსპორტირება უსაფრთხოდ მოხდება.

Pfizer-ის ვაქცინა მარეგულირებლებმა ასევე დაამტკიცეს გაერთიანებულ სამეფოში, კანადაში, მექსიკაში, ბაჰრეინსა და საუდის არაბეთში. სხვა ქვეყნების მსგავსად, ა.შ.შ-ის ჯანდაცვის უწყებაც პირველ ეტაპზე პრიორიტეტს სამედიცინო მუშაკებსა და მოხუცებულთა თავშესაფრების მკვიდრებს ანიჭებს.

მაღალი პრიორიტეტის მქონე ჯგუფებს მიღმა მყოფი ამერიკელები ვაქცინას სავარაუდოდ იანვარში მიიღებენ, ყველასთვის ხელმისაწვდომი კი აპრილისთვის იქნება.

Facebook Comments